LIVE

ილია წულაია: ამ ეტაპზე უძრავი ქონების გაძვირება აღარაა მოსალოდნელი

06 ოქტ 202210:34
3 წუთის საკითხავი
clock clock 742
ილია წულაია: ამ ეტაპზე უძრავი ქონების გაძვირება აღარაა მოსალოდნელი

დეველოპერული კომპანია „არქის“ დამფუძნებლის, ილია წულაიას მოლოდინით, ამ ეტაპზე უძრავი ქონების გაძვირება აღარაა მოსალოდნელი.

წულაიას განცხადებით, ბინებზე უკვე გაზრდილი ფასები შენარჩუნდება, თუმცა არსებული ვითარების გათვალისწინებით, ბიზნესი დამატებით გაძვირებას აღარ ელის. მისი თქმით, როგორც საერთაშორისო ბაზარზე სამშენებლო მასალების გაძვირება, ასევე მუშახელის გაზრდილი ხელფასები უკვე ასახულია უძრავი ქონების ფასში.

„ბოლო პერიოდში უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა პირველ რიგში სამშენებლო მასალების გაძვირებითაა გამოწვეული. ამასთან, ღირებულებაზე აისახება მუშახელის გაძვირებაც. თუმცა მიუხედავად ფასების ზრდისა, ბინებზე მოთხოვნა მაინც საკმაოდ მაღალია. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდში სამშენებლო მასალებზე ფასები დასტაბილურდა და აღარ ძვირდება, ამ ეტაპზე უძრავი ქონების დამატებით გაძვირება აღარაა მოსალოდნელი, თუმცა უკვე გაზრდილი ფასები შენარჩუნდება“, - განაცხადა ილია წულაიამ.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდის განმავლობაში უძრავ ქონებაზე ფასები მზარდია. გაზრდილია როგორც ბინების გასაყიდი ფასი, ასევე ბინის ქირაც, რის მიზეზადაც გაძვირებულ სამშენებლო მასალებთან ერთად, მათ შორის მიგრანტების გამო გაზრდილი მოთხოვნა სახელდება.