LIVE

გადასახადების შემცირება, ქამრების შემოჭერა - როგორ შეუძლია მთავრობას ინფლაციის მოთოკვა

08 ოქტ 202212:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 556
გადასახადების შემცირება, ქამრების შემოჭერა - როგორ შეუძლია მთავრობას ინფლაციის მოთოკვა

ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში მაღალი ინფლაციის ფონზე, მკაცრ მონეტარულ პოლიტიკასთან ერთად, საჭიროა დამატებითი ინსტრუმენტების ამოქმედებაც. ეს გულისხმობს მთავრობის მიერ ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკის გატარებას და გარკვეული ტიპის გადასახადების შემცირება.

როგორც ხორგუაშვილი "ბიზნეს ფორმულასთან" განმარტავს, დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში მოსახლეობის შემოსავლების უმეტესი ნაწილი სურსათის ხარჯებს ხმარდება. შესაბამისად, ევროპელ მოქალაქესთან შედარებით ფასების ზრდა საქართველოს მოსახლეობისთვის გაცილებით მძიმე ტვირთია. 

"ფასები თუ გვეზრდება, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ მოქალაქეებს ჯიბეში მეტი ფული დავუტოვოთ. ამის მიღწევა რამდენიმე გზითაა შესაძლებელი. მათ შორის, საშემოსავლო გადასახადის ან აქციზისა და დღგ-ს გადასახადის შემცირებით. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებას აქვს ამგვარი ნაბიჯის გადადგმის რესურსი. მაგალითად, 2023 წელს საბიუჯეტო ხარჯვა 2 მლრდ. ლარით აქვს გაზრდილი. არადა, შეეძლო ეს მიმართულება მხოლოდ 1 მლრდ. ლარით გაეზარდა და საშემოსავლო გადასახადი მინიმუმ 5%-ით შეემცირებინა. ამასთან, სულ რაღაც 60 მლნ. ლარი სჭირდება იმპორტის გადასახადის გაუქმებას და ასეთ შემთხვევაში სოფლის მეურნეობის გარკვეული პროდუქტი (შაქარი და სხვა პროდუქტი) 12%-ით გაიაფდება. ეს ყველაფერი გახლავთ ინფლაციასთან საბრძოლველი დამატებითი ინსტრუმენტი. ცხადია, მთავარია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, რაც ამ ეტაპზე საკმარისია მაგალითად ევროზონისთვის, რადგან იქ ახლა დაიწყო ფასების სწრაფი ზრდა. ჩვენ კი, აშკარაა, რომ რაღაც დამატებითი ნაბიჯებიც უნდა გადავდგათ", - აღნიშნავს ზვიად ხორგუაშვილი

გადასახადების შემცირება რომ ინფლაციასთან ბრძოლის აუცილებელი ინსტრუმენტია, ამ აზრს იზიარებს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი დავით კეშელავაც. თუმცა საჯარო სექტორში გაზრდილი ხელფასებისა თუ სუბსიდირების პროგრამების ფონზე, ნაკლებად ელის, რომ მთავრობა ქამრების შემოჭერის პოლიტიკას გაატარებს. 

"ცალსახად, თუ აქციზი ან არაპირდაპირი გადასახადები შემცირება, ეს ფასებს შეამცირებს. თუმცა, ვიცით რომ ორივე მიმართულება ბიუჯეტის შემოსავლების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია და თუ ამას ხარჯების ოპტიმიზაცია არ მოჰყვება, მივიღებთ საბიუჯეტო დეფიციტს. მაშინ, როცა საუბარია ხელფასების ზრდაზე, სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებაზე, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მთავრობა მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს", - განმარტავს დავით კეშელავა. 

საქართველოში უკვე 1 წელზე მეტია ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება. სექტემბერში სამომხმარებლო ფასების საერთო დონე წინა წელთან შედარებით 11.5%-ითაა გაზრდილი. აგვისტოში ინფლაცია 10.9%-ს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სექტემბერში ფასების ზრდა დაჩქარდა. ინფლაციის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა სურსათის ჯგუფში ფასების მატებას, რომელმაც სექტემბერში თითქმის 18% შეადგინა.