LIVE

Politico: მაკრონის კონკურენტები და დაბრკოლებები საარჩევნო გზაზე

16 თებ 202117:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 1033
Politico: მაკრონის კონკურენტები და დაბრკოლებები საარჩევნო გზაზე
Eliot Blondet/AFP via Getty Images

საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნებში ამჟამად მოქმედი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ლიდერობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის გამარჯვებამდე დაბრკოლებების გარეშე მიაღწევს. Politico-ს მაკრონის წინაშე არსებულ დაბრკოლებებს თავი მოუყარა და ილუსტრირებული სიის სახით შემოგვთავაზა.  

ოპოზიციამ 2017 წელს განცდილი მარცხის შემდეგ ძალების მოკრება ჯერჯერობით ვერ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ მისი ყველაზე ძლიერი კონკურენტი, მემარჯვენე ლიდერი, მარინ ლე პენი გამოკითხვებში კარგ შედეგს აჩვენებს, ფრანგმა ამომრჩეველმა მეორე ტურის შედეგებით დაადასტურა, რომ ლე პენს ძალაუფლებას არ ანდობს. 

თუმცა ფრანგებმა ბოლო ორ არჩევნებში ისიც დაამტკიცეს, რომ მოქმედი პრეზიდენტობა უპირატესობა სულაც არ არის. კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის და ისლამისტური ტერორიზმის გაძლიერების გამო, მაკრონს ელისეის საპრეზიდენტო სასახლეში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა მოუწევს.

ვაქცინაციის წარუმატებელი კამპანია 

ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი წარუმატებლად დაიწყო. ამ მხრივ, საფრანგეთი  ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობას ჩამორჩება. თუ მაკრონის მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას თავს ვერ გაართმევს, უკმაყოფილება შეიძლება სწრაფად გაიზარდოს.

უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის ირგვლივ დაძაბულობის განმუხტვა

 

 

უსაფრთხოების სადავო კანონპროექტი, რომელიც მუშაობის პროცესში პოლიციელთა ფოტოების გადაღებას კრძალავს, დეკემბერში გამოსვლების მიზეზი გახდა. კანონპროექტს მალე პარლამენტი ისევ დაუბრუნდება. უმრავლესობა ვალდებულებას იღებს, რომ მისი ყველაზე სადავო დებულებები გაუქმდება. მზარდი დებატების ფონზე, უცვლელი დარჩება პოლიციის მხრიდან მომიტინგეებთან, განსაკუთრებით, რასობრივ უმცირესობებთან, მოპყრობის წესი.

 ტერორიზმთან ბრძოლა 

შემოდგომაზე ტერაქტის ტალღის შემდეგ, მაკრონმა პირობა დადო, რომ ტერორიზმს და რადიკალურ ისლამიზმს ახალი შემართებით შეებრძოლებოდა. ამ მიზნით შემუშავებულ კანონპროექტს ამჟამად პარლამენტი განიხილავს. კანონპროექტი რელიგიური გაერთიანებებისა და საფრანგეთის წესებთან მიმართებით სადავო რელიგიური დატვირთვის სამოსის, მაგალითად, თავსაბურავების, ტარების კონტროლს გულისხმობს. პრეზიდენტი საერთაშორისო ფრონტზე ბეწვის ხიდზე გადის, რამდენადაც ფრანგული სეკულარიზმისა და თავისუფალი სიტყვის დაცვის გამო, მუსლიმური ქვეყნების მხრიდან მწვავე საპასუხო რეაქცია განიცადა.

 რეგიონული არჩევნების ღირსეული შედეგით დასრულება

პრეზიდენტის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ივნისში დაგეგმილი რეგიონული არჩევნები, რომელმაც საფრანგეთის 26 რეგიონის მეთაურის ბედი უნდა განსაზღვროს, მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება როგორც მაკრონისთვის, ასევე მისი კონკურენტის, კონსერვატიული რეგიონის პრეზიდენტ ხავიერ ბერტრანისთვის. 

მაკრონის პარტია, რომელიც ძირითადად 2017 წელს ჩამოყალიბდა, ადგილობრივ არჩევნებში უკვე დამკვიდრებულ პარტიულ სტრუქტურებთან შედარებით, წარმატება ვერ მოიპოვა, ისევე, როგორც წარუმატებელი აღმოჩნდა გასულ წელს მერის არჩევნები.

 ეკონომიკის გადატვირთვა

პრეზიდენტის არჩევნების წინ მთავარი თემები უმუშევრობის მაჩვენებელი და ეკონომიკის მდგომარეობა იქნება. პანდემიით გამოწვეული კრიზისის გახანგრძლივებული შედეგები ბევრ სექტორს დაატყდება თავს. მაკრონის პოპულარობას დიდწილად მისი მთავრობის მიერ შემუშავებული ეკონომიკის აღდგენის გეგმის შედეგები განსაზღვრავს.  

"მწვანე" საკითხები

საფრანგეთის მთავრობამ ამ კვირაში წარმოადგინა კლიმატის შესახებ კანონპროექტი. მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ კონსტიტუციაში გარემოს დაცვის საკითხების ჩამატებაზე რეფერენდუმი ჩატარდება.

სოციალური არეულობის მართვა

თითქმის ერთწლიანი ჩაკეტვისა და მწვავე ეკონომიკური პროგნოზის შემდეგ, გამორიცხული არ არის, საფრანგეთში “ყვითელი ჟაკეტების” ტიპის ახალი საპროტესტო ტალღა აგორდეს. თუ მთავრობა სოციალურ საკითხებს, მაგალითად, საპენსიო რეფორმას დღის წესრიგში არ დააყენებს, არაერთი ჯგუფის უკმაყოფილებას გამოიწვევს. ასეთ ჯგუფებად შეიძლება განვიხილოთ მუშები, საშუალოზე დაბალი ფენის წარმომადგენლები, პედაგოგები, პენსიონერები და ასე შემდეგ.

მოულოდნელი კონკურენტი

მაკრონს ყველაზე მეტად არსებული პოლიტიკური სტრუქტურების მიღმა მოულოდნელი კონკურენტის გამოჩენა აშინებს. ისეთი პირები, როგორიცაა ექიმი დიდიე რაულტი, დათხოვილი გენერალი პიერ დე ვილიეზი, ტელეწამყვანი სირილ ჰანუნა ან მემარჯვენე მესვეტე ერიკ ზემური. და, რა თქმა უნდა, მისი დიდი ხნის კონკურენტი ლე პენი, რომელსაც ორი წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, პრეზიდენტობისთვის ბრძოლა არ შეუწყვეტია.

საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნებამდე წელიწადზე მეტი დრო რჩება, თუმცა პრეზიდენტის სავარძლის დასაკავებლად მარათონი უკვე დაიწყო.

ვიდრე ასპარეზზე ახალი სახეები გამოჩნდებიან, Politico მაკრონის კონკურენტებს გვაცნობს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი საჯაროდ არ დაუდასტურებია, ისინი პრეზიდენტის არჩევნების სერიოზულ ფიგურებად განიხილებიან. 

მარინ ლე პენი - "ეროვნული ფრონტი"

“ეროვნული ფრონტის” პრეზიდენტი, მარინ ლე პენი 2017 წლის არჩევნების დროს  მაკრონმა ჯერ სატელევიზიო დებატებში, შემდეგ კი გამოკითხვებში დაამარცხა.  ამჟამად ის წარმატების მოპოვებას კორონავირუსის კრიზისის ფონზე ცდილობს. მემარჯვენე ლიდერს საფრანგეთის ელექტორატის დაახლოებით მეოთხედის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს, რაც მას 2022 წელს არჩევნების პირველი ტურის ერთ-ერთ ლიდერად აქცევს. ამასთან, ტერორიზმის საფრთხის ყურადღების ცენტრში მოქცევა მას საშუალებას აძლევს, რომ პოლიტიკურ სცენაზე დაბრუნდეს და თან  “კომფორტის ზონა” შეინარჩუნოს. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მისი რიტორიკა ოდნავ შეიცვალა.

ანალიტიკოსები მას არჩევნებში გამარჯვებას არა, თუმცა, მეორე ტურში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ. 

 ხავიერ ბერტრანდი - "რესპუბლიკელები"

ჩრდილოეთ საფრანგეთში, ოტ-დე-ფრანსის რეგიონის პრეზიდენტი ხავიერ ბერტრანდი, მათ შორისაა, ვინც “რესპუბლიკელებთან” დაკავშირებულ სკანდალს შედარებით უვნებლად გადაურჩა. მის უპირატესობებს შორის არის შესაძლებლობა, მიაღწიოს მიზანს, ისე, რომ ზოგჯერ საკუთარი ბანაკიც გაკვირვებული დატოვოს. მისი თანამდებობა და ჩრდილოეთ საფრანგეთში მუშათა კლასთან მუშაობის გამოცდილება მას მომავალ კამპანიაში უდავოდ დაეხმარება. 

ამჟამად ბერტრანდი, ლე პენის შემდეგ საუკეთესო პოზიციაზეა. ბოლოდროინდელი გამოკითხვების თანახმად, იგი პირველ ტურში მესამე ადგილზეა.

 ჟან-ლუკ მელენშონი - "მეამბოხე საფრანგეთი" 

ჟან ლუკ მელენშონი, ვეტერანი პოლიტიკოსი და ყოფილი სოციალისტი, მემარცხენე მოძრაობა France Unbowed-ის ლიდერია. ის ემანუელ მაკრონის მწვავე კრიტიკოსია და მთავარ მეტოქედ მარინ ლე პენს მოიაზრებს. პოლიტიკოსი, რომელსაც კრიტიკოსები ფრანგ უგო ჩავესს უწოდებენ, ხალხის აყოლიების უნარითაა ცნობილი. მისი მოძრაობა იყო, პირველი, ვინც გარემოს დაცვა პროგრამის ცენტრალურ ნაწილად აქცია.

სხვა მემარცხენე პარტიების მხარდაჭერის გარეშე, მისი მეორე ტურში მოხვედრის შანსები მცირეა. 2017 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ის მარტო მონაწილეობდა  და მეოთხე ადგილზე გავიდა. 

ენ იდალგო - "სოციალისტური პარტია"

მტრები მას დედოფალ ანას ეძახიან და ამით განცალკევებულად მოქმედების გამო დასცინიან. ის ამჟამად პარიზის მერია. იდალგო ერთ-ერთია იმ მცირე სოციალისტთა შორის, ვინც მაკრონის 2017 წლის საპრეზიდენტო ქარიშხალს გადაურჩა. გამოკითხულთა 46 პროცენტმა ის პოზიტიურად შეაფასა, რაც დღევანდელ პოლარიზებულ პოლიტიკურ კლიმატში, არცთუ ისე ცუდი შედეგია. თუმცა, პრეზიდენტის პოსტსზე მას ამდროისთვის მხარს 8% უჭერს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არჩევნებში მეორე ტურზე გადასვლის მცირე შანსი აქვს.  

იანიკ ჟადუ Yannick Jadot - "მწვანეები"

ის ჯერჯერობით არ ადასტურებს, თუმცა საიდუმლო არ არის, რომ იანიკ ჟადუს სურს არჩევნებში “მწვანეების” კანდიდატი იყოს. ევროპის პარლამენტის დეპუტატი დარწმუნებულია, რომ როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე ამომრჩევლის მხარდაჭერას მოიპოვებს. Greenpeace–ის ყოფილი აქტივისტი კამპანიას, სავარაუდოდ, სოციალური კომპონენტის გათვალისწინებით, გარემოს დაცვის საკითხებზე ააგებს. 

მისი მეორე ტურში მოხვედრის შანსი დაბალია. ზოგადად ისტორიულად “მწვანეებს” პრეზიდენტის არჩვნებში მაღალი შედეგები არ აქვთ. იმისათვის, რომ არჩევნებში წარმატებას მიაღწიოს, მას მოუწევს დაამტკიცოს, რომ “მწვანეთა პარტია” არ არის პარტია, რომელიც მხოლოდ “მწვანე” საკითხებით შემოიფარგლება.