LIVE

EBRD სათაო ოფისს იცვლის, ახალი შენობა ეკოლოგიურად მოწინავეა

03 ოქტ 202216:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 551
EBRD სათაო ოფისს იცვლის, ახალი შენობა ეკოლოგიურად მოწინავეა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სათაო ოფისმა ლონდონში მისამართი ოფიციალურად შეიცვალა და ამიერიდან სითის ნაცვლად ცენტრალურ ლონდონში მდებარე ფინანსურ ცენტრში, კანარი უორფში დაიდებს ბინას. მისი ოფიციალური მისამართი კი Five Bank Street იქნება.

EBRD იუწყება, რომ Five Bank Street ეკოლოგიური სტანდარტების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე საოფისე ნაგებობაა გაერთიანებულ სამეფოში და მოპოვებული აქვს არაერთი შესაბამისი სერტიფიკატი. გარდა ამისა, ბანკი გეგმავს მიიღოს შესაბამისი სერტიფიკატები დიზაინის და კონსტრუქციის ნაწილშიც, რაც ბანკის მწვანე ღირებულებების გამოძახილი იქნება. საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს პირობა აქვს დადებული, რომ 2025 წლისთვის უმეტესწილად მწვანე ბანკი გახდება და ყველა აქტივობას პარიზის კლიმატის შეთანხმებასთან თანხვედრაში მოიყვანს მიმდინარე წლის ბოლომდე. 

გარდა ამისა, ახალი შენობა იმ გათვლებით მოეწყო, რომ მხარი დაუჭიროს ჰიბრიდული მუშაობის თანამედროვე მოდელს, რომელმაც კოვიდ-19-ის პერიოდში განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა. შესაბამისად, დასაქმებულებს საშუალება ექნებათ ადვილად დაუკავშირდნენ ვირტუალური შეხვედრების პლატფორმებს და შეინარჩუნონ მოქნილობა მუშაობისას.  

პროექტის დიზაინში ძირითად კონტრაქტორთან, Overbury-სთან ერთად ჩართულები იყვნენ კონსულტანტები არეაერთი ავტორიტეტული ფირმიდან. მათ შორის არიან: BNP Paribas Real Estate,  Perkins & Will, Turner & Townsend, AECOM და ა.შ. 

სითიში მდებარე One Exchange Square შენობა, რომელშიც EBRD 1993 წლის შემდეგ იყო განთავსებული, ბანკს ლიზინგით ჰქონდა აღებული, კონტრაქტს კი ვადა წლის ბოლოს ეწურება. 

2,800 ადამიანიდან, რომელიც EBRD-ის ლონდონის ოფისშია დასაქმებული, ნახევარი უკვე გადასულია ახალ მისამართზე სამუშაოდ, დარჩენილი ნაწილის რელოკაცია ოქტომბრის ბოლომდე იგეგმება. 

EBRD, ღია-ბაზრის მქონე ეკონომიკებს და კერძო სექტორს 36 ქვეყანაში აძლიერებს სამ კონტინენტზე, თავად კი 71 ქვეყანას ეკუთვნის, მის მფლობელებს შორის არიან ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი. ბანკმა რელოკაციის გეგმების შესახებ ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში განაცხადა. 

ლონდონის სათაო ოფისის გარდა, EBRD-ს 50-ზე მეტი ოფისი აქვს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოშიც. ასევე აქვს წარმომადგენლობითი ოფისები ბრიუსელსა და ტოკიოში.