საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა „ვისოლ ჯგუფმა“ იყიდა. ინფორმაცია "ბიზნეს ფორმულას" სოსო ფხაკაძემ დაუდასტურა.
როგორც სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, კომპანია საცხოვრებელი ბინების მშენებლობის დაწყებას აპირებს და სწორედ ამ მიზეზით იყიდა მაუწყებლის შენობა.
მისივე თქმით, საზმაუს შენობაში მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა განვითარდება.
„ჩვენი ჯგუფი დიდი ხანია, ახორციელებს კომერციული უძრავი ქონების განვითარებას თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კერძოდ, ჩვენ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია „კარფური“ და ასევე არენდატორები არიან ათობით სხვა რითეილერები. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჯგუფში დაგროვდა კარგი გამოცდილება უძრავი ქონების განვითარების კუთხით.
მიღებული გამოცდილების ბაზაზე, გარკვეული პერიოდის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ დეველოპერული საქმიანობა, კონკრეტულად კი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა. სწორედ ამ მიზეზით შევისყიდეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა. ვაპირებთ, ვიმუშაოთ უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, შევქმნათ საინტერესო კონცეფცია და შესაბამისად აქ განვითარდეს საინტერესო, მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა“, - აცხადებს "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.
ცნობისთვის, კოსტავას 68-ში მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა და მიწის ნაკვეთი 65 100 000 ლარად გაიყიდა. რიგით მერვე აუქციონზე 33 209 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთისა და 23 649 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობების საწყისი ფასი 65 მილიონი ლარი იყო.