სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე თვეში საარსებო შემწეობა სულ 660 833-მა სოციალურად დაუცველმა პირმა აიღო, რაც საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 17.7%-ია.
სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 9 208-ით შემცირდა.
რაც შეეხება თანხის მოცულობას, სექტემბერში, ბიუჯეტიდან საარსებო შემწეობაზე 56 მილიონ 451 ათას ლარამდე დაიხარჯა.
სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის დეკემბრიდან 2022 წლის აგვისტოს ჩათვლით, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდებოდა. მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში კი მათი რაოდენობა 21 865-ით გაიზარდა.
სექტემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირების მიზეზების დასადგენად, „ბიზნეს ფორმულა“ ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ სექტემბრის განახლებულ სტატისტიკაში არ ასახულა იმ ოჯახების მაჩვენებელი, ვისი გადამოწმებაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს.
„ამჟამად, გრძელდება მხოლოდ იმ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება, რომელთაც პირველადი ან განმეორებითი გადამოწმების მოთხოვნით თავად მიმართეს სოციალური დახმარების ადმინისტრირების ორგანოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ასევე, დაიწყო იმ ოჯახების ეტაპობრივი გადამოწმება, რომელთა მიმართაც სააგენტოში წარდგენილია საჩივრები და საჭიროა შესაბამისი რეაგირება. შესაბამისად, სექტემბრის განახლებულ სტატისტიკაში არ არის ასახული იმ ოჯახების მაჩვენებელი ვისი გადამოწმებაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს, ან გადამოწმების შედეგების მიხედვით, შეუწყდათ სოციალური დახმარება“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
შეგახსენებთ, PMCG-ის კვლევის თანახმად, 2019-დან 2021 წლამდე, საქართველოში, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა 46%-ით გაიზარდა და 174 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში სოციალური მომსახურების სააგენტოს პლატფორმაზე რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობა 351 ათასითაა გაზრდილი (14%).