ველოდებით, რომ საწვავზე ფასის კლების ტენდენცია შენარჩუნდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.
როგორც კაკაურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის შემცირების ფონზე, მოსალოდნელია, რომ საწვავი ადგილობრივ ბაზარზეც გაიაფდება.
„ივნისის შემდეგ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი მნიშვნელოვნადაა შემცირებული, ომამდე პერიოდში რაც იყო ნავთობის ფასი, დაახლოებით იმ მოცემულობაზეა ჩამოსული, თითქმის 25%-იანი შემცირებაა. შესაბამისად, ეს ტენდენცია აისახება საქართველოში საწვავის ფასზეც. მსოფლიო ბაზარზე მოლოდინი არაა, რომ ნავთობი ისევ დაიწყებს გაძვირებას. შესაბამისად, საქართველოშიც საწვავის ფასს უნდა ჰქონდეს კლებადი ტენდენცია და სრულად უნდა აისახოს ადგილობრივ ბაზარზე გლობალური ტენდენცია. ველით, რომ საწვავზე ფასის კლების ტენდენცია შენარჩუნდება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ცნობისთვის, 26 სექტემბერს Brent-ის ტიპის ბარელი ნავთობის ფასი ბოლო 9 თვის განმავლობაში პირველად ჩამოსცდა $85-იან ნიშნულს. ამ დროისთვის კი ლონდონის საფონდო ბირჟაზე Brent-ის ტიპის ბარელი ნავთობის ღირებულება დაახლოებით $86-ია, ხოლო ნიუ-იორკის საფონდო ბაზარზე Light Sweet-ის ფასი $79-ია.