LIVE

ბათუმში გაცემული იპოთეკური სესხების მესამედი არარეზიდენტებზე მოდის - სებ

01 ოქტ 202215:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 530
ბათუმში გაცემული იპოთეკური სესხების მესამედი არარეზიდენტებზე მოდის - სებ

ეროვნული ბანკის თანახმად, ბათუმში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნის მნიშვნელოვან ნაწილს უცხოელები ქმნიან და სწორედ არარეზიდენტებზე მოდის ბათუმში გაცემული იპოთეკური სესხების მესამედი.

სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში აღნიშნულია, რომ უცხოელების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნა ამ ბაზარს გეოპოლიტიკური რისკების მიმართ მოწყვლადს ხდის.

„ბათუმში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ნაწილი საინვესტიციო ხასიათისაა, რაც ძირითადად ტურისტული შემოდინებებით განისაზღვრება. მიმდინარე წელს, პანდემიის მილევისა და რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, უცხოელების ნაკადი აჭარის რეგიონში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც უძრავ ქონებაზე გაზრდილ მოთხოვნაშიც აისახა. კერძოდ, 2022 წლის პირველ ნახევარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბათუმში უძრავი ქონებით განხორციელებული ტრანზაქციები 42%-ით, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 47%-ითაა გაზრდილი.

ამასთან, ტრანზაქციებში გაზრდილია არარეზიდენტების წილი. არარეზიდენტებს, რომლებიც ბათუმში გაცემული იპოთეკური სესხების მესამედს ფლობენ, დეფოლტის უფრო მაღალი ალბათობა აქვთ, ვიდრე რეზიდენტებს, განსაკუთრებით რეგიონში არსებული საომარი მოქმედებების გამო გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

სებ-ის შეფასებით, ბოლო წლებში, ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების მშენებლობის მაღალი ტემპი უძრავი ქონების ჭარბი მიწოდების რისკის ზრდაზე მიუთითებდა, თუმცა მიმდინარე წელს გაზრდილი გაყიდვები ამ რისკს ამცირებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, ანგარიშის თანახმად, წელს, გასული წლის მსგავსად, უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდა.

„2022 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონებით განხორციელებული ტრანზაქციები 22%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მიმდინარე წელს მცირე კლებისა, წინა წლებთან შედარებით, უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობა მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რაც მოთხოვნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნდამენტურ ფაქტორს წარმოადგენს. გარდა ამისა, მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული კაპიტალიზაციის ინდექსიც, რაც უძრავი ქონების, როგორც საინვესტიციო აქტივის მიმზიდველობის საზომია“, - აცხადებენ სებ-ში. 

მარეგულირებელში აღნიშნავენ, რომ უძრავი ქონების ბაზარი მდგრადობას ინარჩუნებს, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონში გაურკვევლობას მნიშვნელოვნად ზრდის, რაც სექტორში რისკების დაგროვების წყარო შეიძლება გახდეს.