LIVE

„საქართველოს ბანკის“ უკრაინის მხარდამჭერი კამპანიის შედეგები

28 სექ 202210:58
3 წუთის საკითხავი
clock clock 1050
„საქართველოს ბანკის“ უკრაინის მხარდამჭერი კამპანიის შედეგები

რუსეთის მიერ უკრაინასთან დაწყებულმა ომმა მსოფლიოზე მყისიერი უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა. ეს პროცესები რა თქმა უნდა აისახა საფინანსო სექტორზე. ომის დაწყების პირველივე დღეებიდან დემოკრატიული ქვეყნების უმრავლესობა უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანდა და  სხვადასხვა სახის სოლიდარობის კამპანია წამოიწყო. ამ პროცესში აქტიურად ჩაერთო საქართველოს ხელისუფლება და კერძო სექტორი.

კომერციულმა ბანკებმა განსაკუთრებული როლი ითამაშეს უკრაინელი ხალხის თანადგომის პროცესში – ომით დაზარალებული ადამიანებისათვის გაწეული უშუალო ფინანსური დახმარების გარდა, სახსრების მობილიზების კოორდინაციაც ითავეს, რითაც ბევრ ბიზნესსა და კერძო პირს მისცეს სოლიდარობის აქციაში მონაწილეობის საშუალება. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო „საქართველოს ბანკიც“, რომელმაც წამოიწყო უკრაინის მხარდამჭერი კამპანია. როგორ დაუდგა ორგანიზაცია მხარში მეგობარ ქვეყანას, რა კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმა და რა გაკეთდა იძლებით გადაადგილებული უკრაინელებისთვის დასახმარებლად, „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გუნდის უფროსი, თამარ გოჩაშვილი გვესაუბრება.

- უკრაინაში მიმდინარე ომმა საბანკო სექტორისთვის არაერთი მნიშვნელოვანი თემა წამოწია. მათ შორის,  ბიზნესის კორპორაციული პასუხისმგებლობის საკითხი: რამდენად აქვთ გაცნობიერებული კონკრეტულ კომპანიებს ძირითად ადამიანურ ფასეულობებსა და უფლებებზე ზრუნვა. როგორი იყო ამ თვალსაზრისით „საქართველოს ბანკის“, როგორც  წამყვანი საფინანსო ინსტიტუტის პოზიცია?

- „საქართველოს ბანკი“ მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა, რომელიც იზიარებს და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე დაყრდნობით ადგენს თავის CR სტრატეგიას და მიმართულებებს. ამ კუთხით უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ: იმ პერიოდში, როცა ქვეყანაში არსებობდა ქველმოქმედების მიდგომა,  „საქართველოს ბანკი“ კორპორაციული პასუხისმგებლობის პრინციპებს ნერგავდა. ახლა კი მდგრადი განვითარების მიზნებს ვახორციელებთ, რადგან მხოლოდ ქველმოქმედება და სოციალური პროექტები მდგრად განვითარებამდე ვერ მიგვიყვანს. ეს ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესია. ვფიქრობთ, ამ სტანდარტების ათვისებით, დანერგვითა და  გაზიარებით პოზიტიურ მაგალითს ვაძლევთ სხვა მსხვილ და მცირე კომპანიებს.

უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე საზოგადოება  კომპანიების მიმართ უფრო მომთხოვნი გახდა. მისთვის  მხოლოდ გამართული სერვისითა და პროდუქტით სარგებლობა აღარ კმარა. დღეს კიდევ უფრო მეტად ვგრძნობთ პასუხისმგებლობას - მომხმარებელმა ჩვენში დაინახოს არა მხოლოდ კონკრეტული სერვისების მიმწოდებელი, არამედ, ბრენდი, რომელიც იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე საბანკო სერვისების შეთავაზებაა. 

„საქართველოს ბანკი“, როგორც მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ყოველთვის მყისიერად პასუხობს არსებულ გამოწვევებს და თავისი პროდუქტებით, ფინანსური მხარდაჭერითა თუ თანამშრომლების ჩართულობით ახორციელებს აქტიურ საქველმოქმედო და პასუხისმგებლობიან ინიციატივებს სხვადასხვა მიმართულებით, რაც სხვა ორგანიზაციებისთვის კარგი მაგალითია. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები სწორედ ასეთი გამოწვევა აღმოჩნდა. საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან ძალიან მალე „საქართველოს ბანკი“ გამოეხმაურა ამ პროცესებს და უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სოლიდარობის მასშტაბური კამპანია დაგეგმა.  

- უფრო კონკრეტულად, რა სახის ღონისძიებები განხორციელდა, როგორი იყო „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერის პოლიტიკა უკრაინისა და მისი მოქალაქეების მიმართ?

- პირველ რიგში, ბევრად ხელმისაწვდომი გავხადეთ საკუთარი პროდუქტები და სერვისები: გავაუქმეთ საკომისიო გადასახადი სავალუტო გადარიცხვებსა და გზავნილებზე უკრაინის მიმართულებით, რის შედეგადაც ათასობით მომხმარებელმა შეძლო მეგობარი ქვეყნის ფინანსური დახმარება. გარდა ამისა, „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლებმა ომის პირველივე დღეებში გამოთქვეს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის სურვილი. ბანკის ინიციატივითა და მათი სახელით განხორციელდა დონაცია ფონდში - 25 000 ლარის ოდენობით. დამატებით 250 000 ლარი გამოიყო ჰუმანიტარული ტვირთისთვის. ასევე, ჩვენმა თანამშრომლებმა საქველმოქმედო ანგარიშზე ინდივიდუალურადაც გადარიცხეს თანხა.

ფინანსურის გარდა, საჭირო იყო მორალური თანადგომა, რაც სხვადასხვა ფორმით გამოიხატა: ბანკის დიზაინერებმა შექმნეს უკრაინის მხარდამჭერი ვიზუალები, ფონები თანამშრომლებისთვის. მათთვის სპეციალური პინებიც დამზადდა. ერთი შეხედვით უმნიშვნელო პატარ-პატარა დეტალები, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა უკრაინელთა მიმართ სოლიდარობის გამოსახატად.

- ქართული საფინანსო და ბიზნესსექტორი აქტიურად ჩაერთო საქართველოში მყოფი და აქ ჩამოსული უკრაინის მოქალაქეების დახმარების პროცესში. რა გააკეთა ამ მიმართულებითსაქართველოს ბანკმა“?

- „საქართველოს ბანკმა“ ამ თვალსაზრისითაც დიდი პასუხისმგებლობა გამოავლინა: უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ და შექმნილი ვითარების გამო სამშობლოში დაბრუნება ვეღარ შეძლეს, ასევე, იძულებით გადაადგილებულ უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდნენ, „საქართველოს ბანკის“ დახმარებით 1 თვემდე ვადით სასტუმროებში განათავსეს. საერთო ჯამში, მსგავსი დახმარება უკრაინის 100-მდე მოქალაქეს აღმოვუჩინეთ.

გარდა ამისა, „საქართველოს ბანკის“ ინიციატივით, ბანკის ფონდმა - „სიცოცხლის ხემ“ გახსნა სპეციალური ანგარიში, სადაც ბანკის, მისი პარტნიორი კომპანიებისა და ფიზიკური პირების მიერ  შემოწირულობები განხორციელდა. ნებისმიერს, ვისაც სურდა, ფინანსური თანადგომა გამოეხატა უკრაინის მიმართ,  შეეძლო თანხის ჩარიცხვა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. სპეციალურ ანგარიშზე 13 000-ზე მეტმა  ორგანიზაციამ და ფიზიკურმა პირმა განახორციელა დონაცია, შეგროვებულმა თანხამ კი 1,8 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

- როგორ მოხდა აღნიშნული თანხის უკრაინისთვის მიწოდება და მისი სწორი მიმართულებით გამოყენება?

- უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და მობილიზებული ფინანსური რესურსის ეფექტურად გამოყენებისთვის ყველაზე სწრაფი და სანდო პარტნიორი -  საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ავირჩიეთ: შემოსული თანხა სრულად გადაირიცხა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში, რომელმაც უკრაინაში დაზარალებული მოსახლეობისათვის სასურსათო და არასასურსათო  ნივთები შეიძინა. შედეგად, 2 000 ოჯახს (8 000-ზე მეტი ადამიანი) დავეხმარეთ, რაც არსებულ ვითარებაში ჩვენი მხრიდან გადადგმული მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას  მუდმივი კონტაქტი აქვს უკრაინის წითელი ჯვრის საზოგადოებასთან და რეგულარულად იღებს განახლებულ ინფორმაციას დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ხდება მყისიერი რეაგირება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მათი საქმიანობის ეფექტიანობას.

ეროვნული საზოგადოების განსაკუთრებული ჰუმანიტარული სტატუსი საშუალებას იძლევა, ტვირთის გადაზიდვა მოხდეს „მწვანე კორიდორების“ საშუალებით, რაც უზრუნველყოფს დანიშნულების ადგილამდე ტვირთის დროულ და სწრაფ  ჩატანას. შესაბამისად, ბენეფიციარებს ოპტიმალურ პერიოდში შეუძლიათ მიიღონ მათთვის აუცილებელი დახმარება.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ განახორციელა ჰუმანიტარული ტვირთის უკრაინაში ტრანსპორტირება: ამანათები შედიოდა უკრაინის წითელი ჯვრის საწყობში, საიდანაც ნაწილდებოდა იქ, სადაც კონკრეტული პროდუქტი ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. შესაბამისად,  საქართველოს ბანკის ინიციატივას შემოერთებული ყველა დონორის შემოწირულობა უმოკლეს გზას გადიოდა უკრაინელი ხალხთან მისასვლელად.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ჰუმანიტარული საქმიანობის ას წელიწადზე მეტი ისტორიის პერიოდში, უკრაინაში ტვირთის გაგზავნით პირველად მოხერხდა დონორი ორგანიზაციის სტატუსის მიღება (მანამდე იყო მხოლოდ დახმარების მიმღები, ანუ ბენეფიციარი).

- სამომავლოდ რა სახეს მიიღებს და როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი, როგორ აქტივობას უნდა ველოდეთ „საქართველოს ბანკისგან“?

- „საქართველოს ბანკი“ აქტიურად ჩაერთვება იმ ღონისძიებებში, რომლებიც კონკრეტულ მომენტში იქნება საჭირო მეგობარი ქვეყნის თუ  აქ მყოფი უკრაინელების დასახმარებლად. ვიმედოვნებთ, საბრძოლო მოქმედებები მალე დასრულდება და ჩვენი შემდგომი ძალისხმევა უკვე მშვიდობიანი უკრაინის განვითარებას მოხმარდება.

სტატია მომზადებულია გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ.