LIVE

საქართველოსა და საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყო

27 სექ 202213:12
3 წუთის საკითხავი
clock clock 497
საქართველოსა და საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყო

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დაიწყო. უწყების განმარტებით, საქართველოს მხრიდან სამთავრობო მომლაპარაკებელთა ჯგუფს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობს.

„არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, საქართველო საამიროებთან ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოსთვის, ადგილობრივი მწარმოებლებისთვის დამატებით გაიხსნება 10-მილიონიანი მაღალმსყიდველობითუნარიანი ბაზარი“, - განაცხადა გენადი არველაძემ.

მისი თქმით, ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება, პოტენციურად დაფარავს საქონლით ვაჭრობას, წარმოშობის წესებს და წარმოშობის პროცედურებს, საბაჟო ადმინისტრაციასა და ვაჭრობის ხელშეწყობას, სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს, ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში, ვაჭრობაში დაცვით ზომებს, ინვესტიციას, მომსახურებით ვაჭრობას, ციფრული ვაჭრობასა და მრავალ სხვა საკითხს.

შეგახსენებთ, საქართველოსა და საამიროებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით, ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრებმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 2020 წლის დეკემბერში მიიღეს. 2022 წლის 9 მაისს კი ხელი მოეწერა „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს“.