საბანკო ასოციაციის მოლოდინით, ეროვნული ბანკი წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთს შეამცირებს.
როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ წლიური ინფლაციის ტემპი შენელებულია, შესაძლოა, მარეგულირებელმა მეოთხე კვარტალში მონეტარული პოლიტიკა მცირედით შეარბილოს. ალექსანდრე ძნელაძის თქმით, ამას დადებითი გავლენა ექნება ლარის სესხების საპროცენტო განაკვეთების კლებაზეც.
„თავად ეროვნული ბანკი ელის, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ძირითადად მომდევნო წლიდან იქნება შესაძლებელი. თუმცა ვხედავთ, რომ ინფლაციის ტემპი შედარებით შენელებულია და იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოსთვის იქნება შესაძლებლობა, მონეტარული პოლიტიკა მცირედით შერბილდეს. აქ საუბარი არაა მკვეთრ შემცირებაზე, ჩვენი ვარაუდით, მაქსიმუმ 0.25-0.5 პროცენტული პუნქტის ფარგლებში შეიძლება იყოს შემცირება. თუმცა გვესმის, რომ გლობალურ ბაზრებზე გაურკვევლობა კვლავ მაღალია. რეფინანსირების განაკვეთის უფრო აქტიურ შემცირებას და შესაბამისად, ლარის სესხების მეტად გაიაფებას უკვე მომავალი წლის ზაფხულიდან ველოდებით“, - განაცხადა, ალექსანდრე ძნელაძემ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი კვლავ ინარჩუნებს გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას და 14 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა. ამასთან, უკვე ერთ წელზე მეტია საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს. საქსტატის მონაცემებით, აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ 10.9% შეადგინა.