LIVE

ტურისტები ბუტანში გატარებულ ყოველ დღეზე $200-ით დაიბეგრებიან

24 სექ 202216:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 663
ტურისტები ბუტანში გატარებულ ყოველ დღეზე $200-ით დაიბეგრებიან

ბუტანმა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ეგზოტიკურ ადგილად ითვლება, ხელახლა გახსნა საზღვრები ტურისტებისთვის. ვიზიტორებს ბუტანში გატარებულ ყოველ დღეზე, მდგრადი განვითარების საფასურის სახით, $200-ის გადახდა მოუწევთ.

„მდგრადი განვითარების განახლებული ხედვით“, მთავრობის სტრატეგია „მაღალი ღირებულებისა და დაბალი მოცულობის“ ტურიზმზეა დაფუძნებული. სწორედ ამ მიზეზით, "მდგრადი განვითარების საფასური" $65-დან $200-მდე გაიზარდა. ამ პოლიტიკით ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა შემცირდება, თუმცა გაიზრდება ისეთი ვიზიტორების რაოდენობა, რომლებიც მოგზაურობისას ბევრს ხარჯავენ.

ბუტანი ჩინეთსა და ინდოეთს შორის მოქცეული პატარა ჰიმალაური სამეფოა, რომელშიც 800 000-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. ის ცნობილია თავისი ბუდისტური მონასტრებით, შემონახული კულტურითა და მაღალი მწვერვალებით. ქვეყანა დიდი ხანია ერიდება მასობრივ ტურიზმს. დასასვენებლად მოგზაურებს ქვეყანაში შესვლა ეკრძალებოდათ 1974 წლამდე. საინტერესოა, რომ სანამ საზღვრები 2020 წელს Covid-ის გამო კვლავ დაიკეტებოდა, ვიზიტორებს ტუროპერატორების მიერ შეთავაზებულ პაკეტებზე დღეში მინიმუმ $200-ის დახარჯვა მოეთხოვებოდათ. ეს მოთხოვნა ახალი ცვლილებების ფარგლებში ამოღებულია.

იმ ფონზე, რომ პანდემიამ მრავალ ქვეყანაში ტურიზმის სექტორი ძალიან დააზარალა, ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად პოპულარულ ტურისტულ ადგილებს ვიზიტორების სწრაფადვე დაბრუნება სურდათ. ამ მიზნით ვენეციამ ერთდღიანი ტურისტებისთვის დაწესებული 10-ევროიანი გადასახადი მომავალ წლამდე გააუქმა. მსგავსად გააუქმა $8-ის ოდენობის საჰაერო გზით ჩასვლის გადასახადი ტაილანდმაც. 

ბუტანის გეგმებშია გამოიყენოს გაზრდილი გადასახადის შემოსავალი ტურიზმით გამოწვეული ნახშირბადით დაბინძურების ასანაზღაურებლად, სექტორში დასაქმებულთა კვალიფიკაციისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. მათი მთავარი პრიორიტეტია შეინარჩუნონ ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების დაბალი დონე და ებრძოლონ კლიმატის ცვლილების საფრთხეს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლოუ დე ვეი