LIVE

დასაქმების სააგენტოში კომპანიები ძირითადად დაბალკვალიფიციურ კადრებს ითხოვენ - მინისტრი

23 სექ 202215:57
3 წუთის საკითხავი
clock clock 654
დასაქმების სააგენტოში კომპანიები ძირითადად დაბალკვალიფიციურ კადრებს ითხოვენ - მინისტრი

დასაქმების სააგენტოში, კერძო სექტორიდან შესული ვაკანსიების 52% დაბალკვალიფიციური მუშახელისთვისაა განკუთვნილი, საშუალო ანაზღაურება კი 525 ლარს შეადგენს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობდა.

მინისტრის განმარტებით, იმ პირებს, ვისაც ღია შრომის ბაზარზე, შედარებით მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილებზე სურთ დასაქმება, სააგენტო პროფესიული გადამზადების კურსებს სთავაზობს.

„დასაქმების სააგენტოში შესული ვაკანსიების 35% მოითხოვს პროფესიულ განათლებას. ასეთ პოზიციებზე, ხელზე ასაღები ანაზღაურება, საშუალოდ 800 ლარს შეადგენს. რაც იმას ნიშნავს, რომ 2 500 სოციალურად დაუცველი, დასაქმების შემთხვევაში, თვის განმავლობაში, ჯამურად 2 000 000 ლარს მიიღებს, ხოლო ბიუჯეტში, საშემოსავლო გადასახადის სახით, თვეში, საშუალოდ ნახევარ მილიონ ლარს გადაიხდის“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა. 

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ფარგლებში ცენტრებს კონსულტაციისთვის 61 000-ზე მეტმა სოციალურად დაუცველმა მიმართა, მათგან 27 800-ზე მეტმა მოქალაქემ სამუშაოებში ჩართვაზე თანხმობა განაცხადა და 23 000-ზე მეტი პირი დასაქმდა.