LIVE

2014-2020 წლებში ევროკავშირი საქართველოს €939 მილიონით დაეხმარა - როგორია შედეგები

19 სექ 202211:57
3 წუთის საკითხავი
clock clock 719
2014-2020 წლებში ევროკავშირი საქართველოს €939 მილიონით დაეხმარა - როგორია შედეგები

ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორია. 2014-2020 წლებში, საქართველომ ევროკავშირისგან ჯამში 938.4 მილიონი ევრო მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა და მხოლოდ 2020 წელს საქართველომ ევროკავშირისგან 225 მილიონი ევრო მიიღო, მაშინ როდესაც 2015 წელს დახმარება 150 მილიონ ევროს შეადგენდა.

ევროკავშირმა საქართველოსთან თანამშრომლობის ეფექტიანობისა და გავლენის შეფასება გამოაქვეყნა, რომელშიც მიუთითებს, რომ დახმარებამ ხელი შეუწყო შედეგების მიღწევას ყველა სექტორში, თუმცა, განხორციელება ხშირად საკანონმდებლო რეფორმას ჩამორჩება.

ხარვეზებს შორის დაფიქსირდა შეზღუდული წინსვლა როგორც სასამართლო რეფორმის, ასევე ადამიანის უფლებების მხრივ.

ცალკეული სექტორების მიმართულებით საუბარია მოსალოდნელზე დაბალ შედეგებზე, ასევე ნათქვამია, რომ საზოგადოების ნდობა სამთავრობო დაწესებულებების მიმართ შემცირდა. უფრო დეტალურად სექტორული შეფასება ასეთია:

სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება

დადებითი გავლენა როგორც სოფლის მეურნეობაზე, ისე სოფლის განვითარებაზე მოსავლიანობის და წარმოების ზრდის თვალსაზრისით მოსალოდნელზე დაბალი იყო, ხოლო სოციალურ-ეკონომიკური შედეგების დადგენა - რთული. თუმცა, საქართველოს მიმართ ევროკავშირის დახმარებამ ხელი შეუწყო კარგ წინსვლას სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების და სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით და ინოვაციური მიდგომები დანერგვას სოფლის და ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების მიმართულებით.

საჯარო მმართველობის სისტემის რეფორმა და საჯარო ფინანსების მართვა

მიღწეულ იქნა წინსვლა, რამაც ხელი შეუწყო ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდას. ამის მიუხედავად, საზოგადოების ნდობა სამთავრობო დაწესებულებების მიმართ შემცირდა, ხოლო შესაძლებლობები ბევრ სახელმწიფო დაწესებულებაში დაბალ დონეზე რჩება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საჯარო მმართველობის სისტემა, რომელთანაც რიგით მოქალაქეს ყოველდღიურ ცხოვრებაში აქვს შეხება, კვლავ არასრულყოფილია.

მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობა

მართლმსაჯულების რეფორმის ბევრი მიმართულებით – გენდერული ნიშნით ძალადობა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, იურიდიული დახმარება და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა – მნიშვნელოვანი წინსვლა აღინიშნა. თუმცა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის სფეროში მიღწეული წინსვლა მცირეა. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროებში უკან დახევის შემთხვევები აშკარაა.

ეკონომიკური განვითარება

მცირე და საშუალო საწარმოების და პროფესიული განათლების პოლიტიკა და ინსტიტუციური ჩარჩოები გაუმჯობესდა, თუმცა მათი ურთიერთთანხვედრა არასაკმარისია. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ ხელი შეუწყო საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში კარგ წინსვლას და გაზარდა ექსპორტის მოცულობა, თუმცა, არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოდან ექსპორტი ღირებულების ჯაჭვის მთელს გაყოლებაზე მზარდია.

ურთიერთკავშირები

ევროკავშირთან თანამშრომლობამ საფუძველი ჩაუყარა ეროვნული სამართლებრივი ჩარჩოების და რეგულაციების საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობას და ევროკავშირის კანონთა კრებულთან დაახლოებას, თუმცა, პროექტების შედეგები ნელა ვლინდება. ეს უმთავრესად გამოწვეულია თავად ინფრასტრუქტურული პროექტის პროცესის არსით, თუმცა, ასევე, შესაძლებლობების ნაკლებობითაც.

ადამიანებს შორის კავშირები და მობილურობა

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი კარგად წარიმართა და პროექტები „Erasmus+" და „ჰორიზონტი 2020" ასევე ძალზე შედეგიანი იყო. თუმცა, დადებითი გავლენა სამუშაო ძალის მობილურობაზე შეზღუდული იყო და „პარტნიორობა მობილობისათვის" მექანიზმის ფარგლებში მონაწილეობა არ იყო შესაბამისი.

შეფასების შედეგების გათვალისწინებით, რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა უნდა განაგრძოს ინსტრუმენტების, მეთოდებისა და არხების ფართო სპექტრის, მათ შორის, პოლიტიკის და პოლიტიკური დიალოგის გამოყენება, ამასთანავე ეფექტიანობას მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს.