LIVE

რუსეთი ამერიკელ სენატორებს, მსახიობებსა და ანალიტიკოსებს სანქციებს უწესებს

05 სექ 202218:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 631
რუსეთი ამერიკელ სენატორებს, მსახიობებსა და ანალიტიკოსებს სანქციებს უწესებს

რუსეთი 25 ამერიკელს ქვეყანაში შესვლას სამუდამოდ უკრძალავს. სია მოიცავს სენატორებს, ანალიტიკოსებს და მსახიობებს: ბენ სტილერსა და შონ პენს.  

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსკოვმა ეს გადაწყვეტილება ბაიდენის მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესებული მზარდი პერსონალური სანქციების საპასუხოდ მიიღო. 

უცნობია რა კრიტერიუმებით შეარჩია რუსეთმა სანქცირებული პირები. ომის დაწყების შემდეგ, ორივე მსახიობი ჩავიდა უკრაინაში და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. სტილერმა უკრაინის ლიდერს ივნისში უთხრა, რომ მისი გმირი იყო.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ დაწესებული სანქციების ფარგლებში, ივნისის ბოლოსთვის რუსეთის მოქალაქეების გაყინული აქტივების მოცულობამ $30 მილიარდს მიაღწია. 

აგვისტოში აშშ-ის ხაზინამ "კრემლთან დაკავშირებული ელიტის" წინააღმდეგ სანქციების მორიგი რაუნდი გამოაცხადა. სიაში მოხვდნენ მათ შორის Phosagro-ს მილიარდერი მფლობელი ანდრეი გურიევი და ალინა კაბაევა, კრემლის მხარდამჭერი მედია ჯგუფის ხელმძღვანელი და ყოფილი დეპუტატი, რომელსაც პუტინთან "მჭიდრო ურთიერთობა" აქვს.

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციულმა ფონდმა გამოაქვეყნა რუსი ოფიციალური პირების, ჟურნალისტების და პოპულარული ადამიანების სია, რომლებსაც, გუნდის თქმით, კრემლის პოლიტიკის მხარდაჭერის გამო, დაუყოვნებლივ უნდა შეეხოს სანქციები.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია