ფინეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა ჩვეულებრივი რაოდენობის მეათედამდე შეამცირა, რაც უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატულებად ითვლება.
ფინეთმა, რომელსაც აქვს ყველაზე გრძელი სახმელეთო საზღვარი რუსეთთან ევროკავშირის ნებისმიერ წევრთან შედარებით, აგვისტოში პოლიტიკოსებისა და რიგითი მოქალაქეების მზარდი ზეწოლის ფონზე გამოაცხადა, რომ შეზღუდავდნენ რუსი ტურისტების გადაადგილებას სკანდინავიის ქვეყანაში, რადგან მოსკოვი აგრძელებს ომს უკრაინაში.
“მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ იმ დროს, როდესაც უკრაინელები იტანჯებიან, ტურიზმი არ უნდა გაგრძელდეს ჩვეულ რეჟიმში”, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს.
1-ელი სექტემბრიდან ფინეთი რუსებს ტურისტულ ვიზაზე განაცხადის შეტანის უფლებას მისცემს კვირაში მხოლოდ ერთხელ და რუსეთის მხოლოდ ოთხ ქალაქში: მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, მურმანსკსა და პეტროზავოდსკში.
ჰავისტოს თქმით, ის განსაკუთრებით შეშფოთებულია ჰელსინკის აეროპორტის გავლით რუსული “ტურისტული მარშრუტით”, რომელსაც ათასობით რუსი იყენებდა მოსკოვის მიერ 24 თებერვალს უკრაინაზე თავდასხმამდე.
ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სავიზო გადაწყვეტილების გარდა, მთავრობა ამჟამად განიხილავს შესაძლებლობას, დაეხმაროს რუს უფლებადამცველებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და კრიტიკულ ჟურნალისტებს ახალი ტიპის ჰუმანიტარული ვიზის შემოღებით, რომელიც მათ ქვეყანაში შესვლის საშუალებას მისცემს.
პრაღაში გამართულ შეხვედრაზე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს, გამკაცრდეს მოგზაურობის წესები რუსებისთვის, მაგრამ ვერ მიაღწიეს კონსენსუსს ტურისტული ვიზების სრულმასშტაბიანი აკრძალვის შესახებ, როგორც ამას პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები მოითხოვდნენ.
ფინეთს რუსეთთან 1340 კილომეტრიანი საზღვარი აკავშირებს და ქვეყანა ყველაზე პოპულარული დასავლური ტურისტული მიმართულებაა რუსი ტურისტებისთვის.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: The Associated Press