G7-ის ფინანსთა მინისტრები მიმდინარე კვირაში რუსული ნავთობის გლობალურ შესყიდვებზე ფასის ლიმიტის დაწესების შესახებ მოლაპარაკებებს გამართავენ. შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი შეამსუბუქებს ზეწოლას ენერგეტიკულ ბაზარზე და შეამცირებს რუსეთის მთლიან შემოსავალს ნედლი ნავთობიდან.
გეგმა საშუალებას მისცემს რუსული ნავთობის მყიდველებს, შეზღუდულ ფასად განაგრძონ ისეთი მნიშვნელოვანი სერვისების მიღება, როგორიცაა დაფინანსება და ტანკერების დაზღვევა.
ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი და შვეიცარია გეგმავენ დეკემბრიდან აუკრძალონ თავიანთ კომპანიებს ამ სერვისების მიწოდება რუსული ნავთობის გადაზიდვებისთვის.
“გვჯერა, რომ ეს არის ყველაზე ეფექტური გზა პუტინის შემოსავალზე ძლიერი დარტყმისთვის და ამის გაკეთება გამოიწვევს არა მხოლოდ პუტინის ნავთობის შემოსავლების, არამედ ენერგიის გლობალური ფასების შემცირებას. პარასკევს უფრო მეტს გავიგებთ, თუ როგორ იმუშავებს მექანიზმი და აქ მხოლოდ ჩვენ არ ვართ - ეს არის ასევე პარტნიორობა ჩვენს მოკავშირეებთან, G7-თან. გვჯერა, რომ ეს იქნება რუსეთზე ფინანსურად დარტყმის გზა”, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა.
უცნობია, რა იქნება ფასის ლიმიტი ან რომელი ქვეყნები შეუერთდებიან ძალისხმევას.
შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა გადაწყვიტეს რუსეთისთვის სანქციების დაწესება მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეჭრამ გლობალური ენერგეტიკული ბაზრები შეარყია და ნედლი ნავთობის ფასები გაიზარდა. G7-მა, რომელიც ასევე მოიცავს გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, იტალიას, იაპონიასა და კანადას, მიმდინარე წლის დასაწყისში პირობა დადო, რომ შეზღუდავდა დამოკიდებულებას რუსულ ენერგიაზე, მათ შორის “რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტით ან აკრძალვით”.
აშშ-ის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ გლობალური შესყიდვების დაშვება ფასის ზღვარზე ან ქვემოთ, სხვა მყიდველებს უბიძგებს იგივე ოდენობის ფასდაკლების ძიებისკენ, რაც საბოლოოდ შეამსუბუქებს დეფიციტს ბაზარზე, შეამცირებს გლობალურ საორიენტაციო ფასებს და აიძულებს რუსეთს, კიდევ უფრო მეტი ფასდაკლება დააწესოს ექსპორტზე. საბოლოო ჯამში, რუსეთის საერთო შემოსავალი შემცირდება.
G7-ის ლიდერებმა ივნისის დასაწყისში პირობა დადეს, რომ შეისწავლიდნენ ფასების ლიმიტის გეგმას, მაგრამ, დიდი ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ, გეგმას დიდი მხარდაჭერა არ ჰქონია.
“გვჯერა, რომ ეს არ არის მხოლოდ იდეა, რომელიც ღირს შესწავლად, ეს არის იდეა, რომელიც ღირს განსახორციელებლად. მოუთმენლად ველით დისკუსიას, რას იტყვიან ფინანსთა მინისტრები კვირის ბოლოს”, - განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ.
დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს გეგმას, ხოლო ფინანსთა კანცლერმა ნადიმ ზაჰავიმ განაცხადა, რომ ეს იქნება “ყველაზე ეფექტური, თუ მას მხარს დაუჭერს რაც შეიძლება ფართო კოალიცია”. აშშ-ს ხაზინის მდივნის მოადგილე უოლი ადეემო ასევე გაემგზავრა ინდოეთში გასულ კვირას, რათა განიხილოს ფასის შეზღუდვის იდეა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოშ უინგროვი