LIVE

უკრაინიდან ლტოლვილების მზარდი რაოდენობის ფონზე, გერმანიაში უმუშევრობა გაიზარდა

31 აგვ 202214:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 623
უკრაინიდან ლტოლვილების მზარდი რაოდენობის ფონზე, გერმანიაში უმუშევრობა გაიზარდა

გერმანიაში უმუშევრობის დონე გაიზარდა, რაც უკრაინაში ომის ფონზე, სამუშაო ძალას შეერთებულ ლტოლვილებს უკავშირდება. 

კერძოდ, ევროპის უდიდეს ეკონომიკაში აგვისტოში უმუშევართა რაოდენობამ 28 000-ით მოიმატა, რამაც უმუშევრობის დონე 5,5%-მდე გაზარდა. 

“მიუხედავად ეკონომიკური და პოლიტიკური გაურკვევლობისა, შრომის ბაზარი მდგრადია. უმუშევრობა აგვისტოში კვლავ გაიზარდა უფრო მეტად, ვიდრე ჩვეულებრივ, წელიწადის ამ დროისთვის. თუმცა, ეს მაინც უკრაინელი ლტოლვილების რეგისტრაციას უკავშირდება”, - განაცხადა შრომის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელმა ანდრეა ნალესმა.

ამ დროისთვის გერმანიამ დაარეგისტრირა დაახლოებით მილიონი უკრაინელი ლტოლვილი, თუმცა იმ ადამიანების რეალური რაოდენობა, ვინც ქვეყანაში შევიდა და სამშობლოში არ დაბრუნებულა, უცნობია. კვლევების მიხედვით, აბსოლუტური უმრავლესობა ქალია და ბევრი ბავშვებთან ერთად მოგზაურობს.

შრომის სააგენტოს თქმით, მიუხედავად უმუშევრობის სტატისტიკური ზრდისა, გერმანიაში კადრებზე მოთხოვნა მაღალია პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ. თუმცა, მიმდინარე თვეში S&P Global-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ სამუშაო ადგილების შექმნა შენელებულია ეკონომიკური პერსპექტივის შესახებ მზარდი გაურკვევლობის ფონზე.

გერმანია რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებს შორისაა. ეკონომისტების მზარდი რაოდენობა ვარაუდობს, რომ ის რეცესიაში შევა მაშინაც კი, თუ ქვეყანა მიმდინარე ზამთარში ენერგიის რაციონირებას აიცილებს თავიდან.

გერმანიის ინფლაციამ ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია. ევროპის უდიდეს ეკონომიკაში სამომხმარებლო ფასები აგვისტოში, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 8,8%-ით გაიზარდა. Bundesbank-ი გერმანიაში 2022 წლის ბოლო კვარტლისთვის დაახლოებით 10%-იან ინფლაციას პროგნოზირებს. ბანკი მიიჩნევს, რომ პერსპექტივა სასაქონლო ბაზრებზე გაურკვევლობის ფონზე ძალიან ბუნდოვანია.

 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექსანდერ ვებერი