LIVE

ჩინეთთან დაკავშირებული ბოტები იშვიათი მიწების მწარმოებელს თავს ესხმიან

28 აგვ 202214:41
3 წუთის საკითხავი
clock clock 574
ჩინეთთან დაკავშირებული ბოტები იშვიათი მიწების მწარმოებელს თავს ესხმიან

ავსტრალიური კომპანიის ცნობით, ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან დაკავშირებული სოციალური მედიის ყალბი ანგარიშები Lynas Rare Earths-ს ყოველდღიურად ესხმიან თავს.

კიბერდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ კამპანია კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვებში აშშ-სა და ავსტრალიის თანამშრომლობაზე თავდასხმას ისახავს მიზანად. მას შემდეგ, რაც ამის შესახებ ივნისში გახდა ცნობილი, თავდასხმები მალაიზიაში Lynas-ის გარემოსდაცვით ისტორიაზე ფოკუსირდება, რათა შეცვალოს საზოგადოებრივი აზრი ახალი ქარხნის წინააღმდეგ, რომელიც ტეხასში აშშ-ს მთავრობის დაფინანსებით შენდება.

კიბერუსაფრთხოების ფირმების, მათ შორის Mandiant-ის და Graphika-ს მიხედვით, ჩინეთთან დაკავშირებული პროპაგანდისტები დიდი ხანია ცდილობენ გამოიყენონ სოციალური მედია, რათა გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე რიგ საკითხებთან დაკავშირებით, კოროვირუსის წარმოშობისა და აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების ჩათვლით.

ჩინეთი მწვანე ენერგიის, სამხედრო აღჭურვილობისა და მაღალტექნოლოგიური წარმოებისთვის საჭირო მინერალების მიწოდებაზე ამჟამად დომინირებს. ასევე, იშვიათი მიწების მიწოდების ჯაჭვებში, რომლებიც მაგნიტებში გამოიყენება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ელექტრო მანქანებისთვის და ქარის ტურბინებისთვის.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ამანდა ლაკაზეს თქმით, სოციალური მედიის თავდასხმებს კომპანიის ოპერაციებზე შესამჩნევი გავლენა არ ჰქონია.

Lynas-ი ჩინეთის ფარგლებს გარეთ იშვიათი მიწების უდიდესი მწარმოებელია. ის მოქმედ გადამამუშავებელ ქარხანას ფლობს მალაიზიაში და ორ დამატებით ობიექტს აშენებს აშშ-სა და ავსტრალიაში. კომპანიამ პარასკევს რეკორდული მთლიანი წლიური წმინდა შემოსავლის, $377 მილიონის დაფიქსირების შესახებ განაცხადა, რაც სამჯერ მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეიმს ფერნიჰოუ