ინდოეთი, ბრინჯის ყველაზე დიდი ექსპორტიორი მსოფლიოში, სავარაუდოდ მიწოდებას შეზღუდავს. Bloomberg-ის ინფორმაციით, ქვეყნის შიდა მარაგი საფრთხეშია და ამ ნაბიჯმა შეიძლება სურსათის გლობალურ ბაზრებზე არეულობა გამოიწვიოს. მოლაპარაკებები მოწინავე ეტაპზეა და გადაწყვეტილება შეიძლება უახლოეს მომავალში გამოცხადდეს.
ინდოეთზე მსოფლიოში ბრინჯით ვაჭრობის 40% მოდის და ექსპორტის შეზღუდვები დამატებით დარტყმას მიაყენებს ქვეყნებს, რომლებიც ებრძვიან ცხოვრების ხარჯების კრიზისს და შიმშილს. ეს გავლენას იქონიებს მილიარდობით ადამიანზე, რადგან მსოფლიო ბრინჯის დაახლოებით 90% მოიხმარება აზიაში.
ხორბლისა და სიმინდის ფასებისგან განსხვავებით, რომლებიც გაიზარდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ბრინჯის ფასები შემცირდა დიდი მარაგების გამო, რამაც მსოლფიოს აარიდა უფრო სერიოზული სასურსათო კრიზისი. ჯერ კიდევ 2008 წელს, ფასები გაიზარდა ტონაზე $1000 მეტით, რაც ორჯერ აღემატება ამჟამინდელ მაჩვენებელს, რადგან ინდოეთმა და ვიეტნამმა აკრძალეს ექსპორტი, რამაც გამოიწვია მიწოდების შოკი.
დაქუცმაცებული ბრინჯი, რომლის ექსპორტის შეზღუდვაც განიხილება, ძირითადად ცხოველთა საკვებად ან ეთანოლის წარმოებისთვის გამოიყენება. მისი ყველაზე დიდი მყიდველია ჩინეთი, რომელიც მას ძირითადად პირუტყვის საკვებად იყენებს და აფრიკის ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც მარცვლეულს საკვების წარმოებისთვის იყენებენ.
ინდოეთმა უკვე შეზღუდა ხორბლისა და შაქრის ექსპორტი. ამ ნაბიჯმა შოკი გამოიწვია გლობალური ბაზრებზე, რადგან ეს მიუთითებდა სურსათის პროტექციონიზმის ესკალაციაზე. ამან ხელი შეუწყო სამზარეულოს ძირითადი პროდუქტების გლობალურ ფასებზე ახალ რეკორდს, თუმცა ბოლო დროს ისინი შემცირდა, რადგან გლობალური მოსავლიანობის პერსპექტივები გაუმჯობესდა.
ბრინჯის კულტივირებაზე პოტენციური შეზღუდვები გამოწვეულია იმის გამო, რომ ნარგავები ამ სეზონზე 8%-ით შემცირდა ზოგიერთ რაიონში გვალვის გამო. წვიმები საშუალოზე 40%-ით ნაკლები იყო უტარ-პრადეშისა და ბიჰარში. ზოგადად, ამ პერიოდში ქვეყანამ ჩვეულებრივზე 9%-ით მეტი ნალექი მიიღო.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პატრიკ პარიჯა