LIVE

თალიბანმა ავღანეთში კრიპტოვალუტა აკრძალა

26 აგვ 202214:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 521
თალიბანმა ავღანეთში კრიპტოვალუტა აკრძალა

ავღანეთის ცენტრალურმა ბანკმა მიმდინარე თვეში, ქვეყნის მასშტაბით, კრიპტოვალუტა აკრძალა. თალიბანის რეჟიმმა დააკავა რამდენიმე დილერი, რომელიც ამ აკრძალვას ეწინააღმდეგებოდა და ციფრული ტოკენებით ვაჭრობას განაგრძობდა.  

"ცენტრალურმა ბანკმა გადმოგვცა ბრძანება, შეგვეჩერებინა ფულის გადამხურდავებლები, ფიზიკური პირები და ბიზნესმენები, რომლებიც ვაჭრობდნენ თაღლითური ციფრული ვალუტით, როგორიცაა, ბიტკოინი", - ამბობს ჰერათის პოლიციის შტაბის კრიმინალური გამოძიების ხელმძღვანელი საიედ შაჰ საადაატი.

მისივე ინფორმაციით, ჰერათში დააკავეს 13 ადამიანი, რომელთა უმეტესობა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ხოლო კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული 20-ზე მეტი ბიზნეს ორგანიზაცია დაიხურა. ჰერათი ავღანეთის სიდიდით მესამე ქალაქია და ციფრული ტოკენების ვაჭრობის ცენტრად მიიჩნევა. ავღანეთში ექვსი კრიპტო საბროკერო ცენტრიდან ოთხი სწორედ აქ მდებარეობს.

თალიბანის დაჯგუფების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ავღანეთი გლობალური საბანკო სისტემიდან გამორთულია. ამის გამო, კრიპტოვალუტა ქვეყანაში ფულის შეტანისა და გატანის პოპულარულ გზად იქცა. ზოგიერთმა ავღანელმა კრიპტოვალუტას მიმართა, რათა მისი ქონება თალიბებისთვის მიუწვდომელი ყოფილიყო.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის კრახის შემდეგ, ქვეყნების ნაწილი კრიპტო რეგულაციებს ამკაცრებს, მისი პირდაპირი აკრძალვა იშვიათი შემთხვევაა. ავღანეთი ახლა შეუერთდა ჩინეთს, რომელმაც გასულ წელს ყველა კრიპტოტრანზაქცია უკანონოდ გამოაცხადა.

გასულ წელს თალიბანის მთავრობამ ავღანეთში უცხოური ვალუტის გამოყენება აკრძალა

გაეროს თანახმად, ავღანეთი ღრმა ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ კრიზისშია, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 95%-ს საკმარისი საკვები არ აქვს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელტაფ ნაჯაფიზადა