სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა მოგზაურების 515 200 გასვლა საზღვარგარეთ, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.6-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია.
აქედან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 406 100 შეადგინა. საქსტატის თანახმად, ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა (234 700) და რუსეთის ფედერაციაში (45 200) განხორციელდა. მონახულებული ქვეყნების მიხედვით საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებაში, თურქეთის წილი 55.7%-ია, რუსეთის კი 10.7%. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, მათ 12.5% უკავიათ.
II კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 221 000 ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 134.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი ვიზიტი (42.5%) საყიდლების მიზნით განხორციელდა.
II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.6 ღამე შეადგინა. ვიზიტების 94.7% განმეორებითი ხასიათის იყო.
აპრილი-ივნისის პერიოდში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები ჯამში 456.8 მლნ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 1 125 ლარი შეადგინა.