LIVE

დიდ ბრიტანეთში ინფლაცია 10.1%-მდე დაჩქარდა

17 აგვ 202217:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 496
დიდ ბრიტანეთში ინფლაცია 10.1%-მდე დაჩქარდა

გაერთიანებულ სამეფოში ინფლაცია გასულ თვეში მოსალოდნელზე მეტად დაჩქარდა და 40-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. გაზრდილი ინფლაცია ზეწოლას ზრდის მომხმარებლებზე და ინგლისის ბანკს(BOE) და მთავრობას მოქმედებისკენ უბიძგებს.

ეროვნული სტატისტიკის ოფისის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი ივლისში 10.1%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, წინა თვეში 9.4%-იანი ზრდის შემდეგ. მაჩვენებელმა გადააჭარბა როგორც BOE-ის, ასევე კერძო სექტორის ეკონომისტების მოლოდინებს.

გასული თვის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი სურსათის ფასების ზრდამ შეიტანა, რაც მიუთითებს, რომ ინფლაციური ზეწოლა ენერგეტიკული სექტორის მიღმა ვრცელდება.

დაჩქარებული ინფლაცია ემატება დიდ ბრიტანეთში ცხოვრების ხარჯების კრიზისს, რადგან ხელფასები მნიშვნელოვნად ჩამორჩება ყველა სახის საქონელსა და მომსახურებაზე მზარდ ფასებს.

BOE ელის, რომ ინფლაცია ოქტომბერში 13%-ს მიაღწევს. ბანკის მმართველმა ენდრიუ ბეილიმ მიანიშნა, რომ მზად არის საპროცენტო განაკვეთები კიდევ უფრო გაზარდოს.

ეკონომისტები სულ უფრო და უფრო პესიმისტურად არიან განწყობილნი გაერთიანებული სამეფოს მიმართ, რადგან რეცესიის რისკი ახლა გაცილებით მაღალია მზარდი ფასების ზეწოლის გამო. BOE რეცესიის დაწყებას მეოთხე კვარტალში ელის, რაც 2024-ის დასაწყისამდე გასტანს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ენდრიუ ატკინსონი