LIVE

Moody's-ი საგადასახდელო ბალანსის რისკის გამო თურქეთის საკრედიტო რეიტინგს ამცირებს

13 აგვ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 577
Moody's-ი საგადასახდელო ბალანსის რისკის გამო თურქეთის საკრედიტო რეიტინგს ამცირებს

Moody's Investors Service-მა თურქეთის საკრედიტო რეიტინგი შეამცირა. საგადამხდელო ბალანსის რისკი იზრდება, რადგან ხელისუფლება ცდილობს ლირას სტაბილიზაციას და სავალუტო ბუფერების აღდგენას.

Moody's-იმ ქვეყნის რეიტინგი B2-დან B3-მდე შეამცირა. სარეიტინგო კომპანიამ მიუთითა იმის ალბათობაზე, რომ თურქეთის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, სავარაუდოდ, ბევრად აღემატება მოლოდინს, გაზრდის საგარეო დაფინანსების საჭიროებებს მსოფლიოში ფინანსური პირობების გამკაცრების ფონზე.

“ხელისუფლებას უწევს მიმართოს სულ უფრო არაორდინალურ ზომებს ვალუტის სტაბილიზაციისა და სავალუტო რეზერვების აღდგენისთვის. მაკროპრუდენციული ღონისძიებები ეფექტური იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის გარკვეული ხარისხით აღსადგენად,” - წერენ ანალიტიკოსები კატრინ მულბრონერი და ალეხანდრო ოლივო განცხადებაში.

Moody's-ის შეფასებით, ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს მიუახლოვდება, რაც სამჯერ აღემატება იმას, რაც პროგნოზირებული იყო უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე.

თურქეთის საერთაშორისო რეზერვები ასევე ყურადღების ცენტრშია, რადგან იმპორტირებული ენერგიის ფასები კვლავ მაღალია, ხოლო ტურიზმიდან და ექსპორტიდან შემოსავალი მცირდება. მიუხედავად იმისა, რომ სავალუტო რეზერვებმა აგვისტოს დასაწყისში $67,7 მილიარდს მიაღწია, სარეიტინგო ფირმამ განაცხადა, რომ ის მცირდება წლის უმეტესი ნაწილის განმავლობაში.

კიდევ ერთი ფაქტორი ინფლაციაა. 2017 წლის დასაწყისიდან თურქეთში ფასები ორნიშნა ნიშნულით იზრდებოდა, მაგრამ წელს მან მიაღწია თითქმის მეოთხედი საუკუნის მაქსიმუმს სასაქონლო ფასების ზრდისა და ცენტრალური ბანკის მხრიდან საპროცენტო განაკვეთების გაზრდზე უარის ფონზე.

2022 წელს ლირამ დაკარგა ღირებულების 25%-ზე მეტი დოლართან მიმართებაში. ვარდნა მოჰყვა ღრმა დევალვაციას გასული წლის ბოლო ორ თვეში და ლირა ახლა ყველაზე უარესია 23 განვითარებადი ბაზრის ვალუტას შორის.

“ვალუტა რჩება ზეწოლის ქვეშ, რაც მიუთითებს მაღალ ინფლაციაზე მომდევნო თვეებში. Moody's-ის ბოლო პროგნოზით, სამომხმარებლო ფასების ზრდა წლის ბოლოს 70%-ის ფარგლებში იქნება”, - წერენ Moody's-ის ანალიტიკოსები.

Moody's-ის პერსპექტივა თურქეთის რეიტინგზე ასახავს ანალიტიკოსთა შეხედულებას, რომ სუვერენულ ქვეყანას აქვს “შედარებით დაბალი საგარეო ვალი და ზომიერი რეფინანსირების საჭიროებები” 2022-2023 წლების ბოლომდე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სიდნი მაკი