LIVE

IAEA - ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურზე ვითარება “ძალიან სწრაფად უარესდება”

12 აგვ 202213:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 622
IAEA - ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურზე ვითარება “ძალიან სწრაფად უარესდება”

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ  უკრაინაში ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე “ძალიან შემაშფოთებელმა” სამხედრო აქტივობამ შესაძლოა რეგიონისთვის საშიში შედეგები გამოიწვიოს.

რაფაელ გროსიმ მოუწოდა რუსეთს და უკრაინას, რომლებიც ერთმანეთს ადანაშაულებენ ზაპოროჟიეში რუსეთის მიერ კონტროლირებად ობიექტზე თავდასხმებში, დაუყოვნებლივ მისცენ ბირთვულ ექსპერტებს ზიანის შეფასების საშუალება და უზრუნველყონ უსაფრთხოება უზარმაზარ ბირთვულ კომპლექსში, სადაც სიტუაცია “ძალიან სწრაფად უარესდება”.

“IAEA-ს უნდა მიეცეს უფლება, განახორციელოს მისია ზაპოროჟიეში, რაც შეიძლება მალე” - განუცხადა გროსიმ გაეროს უშიშროების საბჭოს.

მან მიუთითა დაბომბვაზე და რამდენიმე აფეთქებაზე გასულ კვირას, რამაც გამოიწვია ელექტროტრანსფორმატორის და ორი სარეზერვო ტრანსფორმატორის გამორთვა, შედეგად კი გაითიშა ერთი ბირთვული რეაქტორი. 

გროსიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ ზაპოროჟიეში სიტუაცია “სრულიად უკონტროლო იყო”. მან მოითხოვა საომარი მოქმედებების დასრულება, “რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბირთვულ უსაფრთხოებას” ასეთ მნიშვნელოვან ადგილზე.

გროსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტების წინასწარმა შეფასებამ არ გამოავლინა “ატომური უსაფრთხოების უშუალო საფრთხე” ატომური ელექტროსადგურის დაბომბვისა და საომარი მოქმედებებისგან, “ეს შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს”.

გროსის მიმართვა ეხმიანებოდა გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის მოწოდებას, შეჩერებულიყო საომარი მოქმედებები ზაპოროჟიეს ქარხნის ირგვლივ და გააფრთხილა, რომ ნებისმიერმა დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს “კატასტროფული შედეგები” მიმდებარე ტერიტორიაზე, რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ატომურ სადგურს აკონტროლებს რუსეთი, ბირთვული ოპერაციების მართვას უკრაინელი პერსონალი აგრძელებს. ის მდებარეობს ენერგოდარში, ქალაქში, რომელიც რუსულმა ძალებმა მარტის დასაწყისში დაიპყრეს.

გროსიმ თქვა, რომ რუსეთიდან და უკრაინიდან მიღებული განცხადებები “ხშირად ეწინააღმდეგება ერთმანეთს” და IAEA ვერ დაადასტურებს მნიშვნელოვან ფაქტებს, თუ მისი ექსპერტები არ ეწვევიან ზაპოროჟიეს.

უკრაინის სახელმწიფო კომპანია Energoatom-მა, რომელიც ატომურ ელექტროსადგურს მართავს, განაცხადა, რომ დაბომბვა ზაპოროჟიეში და მიმდებარე შენობებზე 11 აგვისტოს განახლდა.

“ხუთი დარტყმა დაფიქსირდა სადგურის ადმინისტრაციის შენობის მახლობლად, შედუღების ადგილისა და რადიაციის წყაროების შესანახი ადგილის მახლობლად”, - ნათქვამია Energoatom-ის შეტყობინებაში. 

გროსის განცხადებით, “ყველა თანხმდება, რომ ბირთვული უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული და ყველას სჯერა, რომ ეს მისია უნდა შესრულდეს”.