LIVE

ესტონეთი შენგენის ვიზების მქონე რუსებისთვის საზღვარს კეტავს

11 აგვ 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 692
ესტონეთი შენგენის ვიზების მქონე რუსებისთვის საზღვარს კეტავს

ესტონეთი შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხურავს. განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა.

“ერთ კვირაში ესტონეთის მიერ გაცემულ შენგენის ვიზებზე სანქცია გავრცელდება. ვიზის რუს მფლობელებს ესტონეთში შესვლა აეკრძალებათ”,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამ წესთან დაკავშირებით რამდენიმე გამონაკლისი იმოქმედებს. კერძოდ, ესტონეთში დიპლომატიური მისიების თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული პირები ან რომლებსაც აქვთ თავისუფალი გადაადგილების უფლება ევროკავშირის კანონმდებლობით, არ დაექვემდებარებიან სანქციებს. გარდა ამისა, შეზღუდვები არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა შესვლაც ესტონეთში აუცილებელია ჰუმანიტარული მიზეზების გამო, რესპუბლიკის მოქალაქეების ახლო ნათესავებზე, ან ესტონეთში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მფლობელებზე.

შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვაზე ესტონეთის პრეზიდენტმა კაია კალასმაც ისაუბრა. მისი თქმით, ევროპაში მოგზაურობა არის “პრივილეგია და არა უფლება”.

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანას შეუძლია მიიღოს მთელი რიგი ზომები, თუ რუსები მასობრივად ეწვევიან ევროპას ფინეთის შენგენის ვიზებით.

11 აგვისტოს, ლატვიამ რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად აღიარა და ევროკავშირს რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

10 აგვისტოს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ევროკავშირსა და G7-ის ქვეყნებს მოუწოდა, შეწყვიტონ ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის. კულებამ თქვა, რომ რუსებს უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთის უფლება, სანამ არ ისწავლიან ამ ქვეყნების პატივისცემას.

ევროკომისიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ქვეყნები ასევე განიხილავენ რუსებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვას.